• 2018-11-12

ყველა სხვა ევროპელ სტუდენტთან შედარებით,
საქართველოში უსდ-ების სტუდენტების ყველაზე დიდ ნაწილს
მოსწონს სწავლების ხარისხი (76%)
და ლექტორების მხრიდან ხელშეწყობა (76%) მათ უნივერსიტეტებში.

საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 28 000 აბიტურიენტი ხდება მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება სტუდენტების მხრიდან სხვადასხვა მოლოდინს უკავშრდება როგორც სასწავლო პროცესის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. 

საინტერესოა, როგორია ქართველი სტუდენტების მხრიდან მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება და განსხვავდება თუ არა ის სხვა ევროპელი სტუდენტების შეფასებისგან? როგორც საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტის“[1] შედეგები გვიჩვენებს, საქართველოში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შეფასება სხვა ევროპული ქვეყნების სტუდენტების შეფასებისგან საკმაოდ განსხვავდება. კერძოდ, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები არაკრიტიკულები არიან უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების პროცესის მიმართ და საკმაოდ დადებითად აფასებენ მას. ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ისინი ყველაზე კმაყოფილები არიან ლექტორების მხრიდან ხელშეწყობით და აკადემიური მოსწრებისადმი ყურადღებით. ასევე, თავიანთ სასწავლო პროგრამას ყველაზე მეტად საქართველოს უსდ-ების სტუდენტები უწევენ რეკომენდაციას.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ სწავლების ხარისხსა (76%) და სწავლების ორგანიზებაზე (72%). სხვა ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედარებით, სწავლების ხარისხი და სწავლების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურად შეფასებული კომპონენტებია საქართველოში უსდ-ების სტუდენტების მხრიდან.

საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების არაკრიტიკული შეფასებების მიზეზები ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს, თუმცა ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოში სტუდენტები მკვეთრად დადებითად აფასებენ არა მხოლოდ მათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე სწავლების პროცესს, არამედ სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ კომპონენტებსაც, რომელთა ხარისხითაც საქართველო ევროპულ ქვეყნებს აშკარად ჩამორჩება. კერძოდ, საქართველოს უსდ-ების სტუდენტები სასწავლო ინფრასტრუქტურითაც კი საკმაოდ კმაყოფილები არიან. ამ კომპონენტს ჩეხ (77%) და ფინელ (82%) სტუდენტებთან შედარებით, საქართველოს უსდ-ების სტუდენტთა უფრო მცირე რაოდენობა აფასებს პოზიტიურად (72%), თუმცა სასწავლო ინფრასტრუქტურით ჩვენს ქვეყანაში სტუდენტები გაცილებით კმაყოფილები არიან, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (62%) ან ჰოლანდიის (65%).