• 2018-02-27

გლობალური კვლევის მონაცემებისგან განსხვავებით,
ამ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვასა და ჩვენს რეგიონში
რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე სანდო მწარმოებელ ქვეყნად მიიჩნევა

რომელი ქვეყნის წარმოებულ პროდუქციას ენდობით ყველაზე მეტად? რეგიონში, რუსეთსა და მოლდოვაში  ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ადამიანები გერმანული წარმოების პროდუქციას ენდობიან. თითოეულ ქვეყანაში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა ამ კითხვას.

გამოკითხული ქვეყნებიდან მოლდოვა ერთადერთია, სადაც რესპონდენტების უმრავლესობა (31%) ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის წარმოებას არ ენდობა. დანარჩენი ნაწილიდან, რომელიც რომელიმე ქვეყანას ასახელებს, უმეტესობა გერმანიაში დამზადებულ ნივთებსა და პროდუქტს იყიდდა (27%).

ქართველებიც (44%) და რუსებიც (28%) ყველაზე მეტად გერმანული წარმოების პროდუქტების/ნივთების ხარისხს ენდობიან.

აზერბაიჯანელები თურქულს (41%), სომხები კი რუსული (34%) და გერმანული (33%) წარმოების პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების პროდუქციასაც ქართველების დიდი ნაწილი იყიდდა, ასე გამოიყურება: გერმანია, რუსეთი, აშშ,  იაპონია და საფრანგეთი.[1]

[1] რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება, ამიტომ პასუხების ჯამი აღემატება 100%-ს.

საბოლოო ჯამში, გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე მეტად გერმანიაში დამზადებულ ნაწარმს/ნივთებს ენდობიან. გერმანიის შემდეგ კი რუსეთი ლიდერობს. მონაწილე ქვეყნების მიერ დასახელებულ ყველაზე სანდო მწარმოებელ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი, აშშ და იაპონიაც. 



გერმანია სანდო მწარმოებელი ქვეყანაა არა მხოლოდ ამ კვლევის ფარგლებში მონაწილე ხუთი ქვეყნის შეფასებით. როგორც აღმოჩნდა, გაცილებით ფართო მასშტაბითაც, გერმანიას ხარისხიანი პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის იმიჯი აქვს. 2017 წელს სტატისტიკისა და მარკეტინგული კვლევების ორგანიზაციის - სტატისტას (Statista) მიერ 52 ქვეყანაში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგადაც, რესპონდენტების მიერ ყველაზე სანდო მწარმოებელ ქვეყნად გერმანია დასახელდა (წყარო: https://www.statista.com/page/Made-In-Country-Index). ათეულშია იაპონია, საფრანგეთი და აშშ-ც, ხოლო რუსეთი ამ რეიტინგში ვერ მოხვდა.