• 2017-12-05

პროფილაქტიკის მიზნით, კაცები ოფთალმოლოგთან საერთოდ არ დადიან.
ქალების უმრავლესობა მკერდის ჯირკვლის თვითგასინჯვას არასდროს არ მიმართავს.

IPM კვლევები დაინტერესდა საქართველოში დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებული საკითხების  შესწავლით. ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 400-მა რესპონდენტმა.

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა ნახევარი პროფილაქტიკური გამოკვლევის მიზნით წელიწადში რამდენჯერმე ან ერთხელ მაინც დადის ექიმთან.

რესპონდენტები პროფილაქტიკური ვიზიტის ფარგლებში ყველაზე ხშირად ოჯახის ექიმთან დადიან (52.7%). ვიწრო სპეციალობის ექიმებს შორის პირველია გინეკოლოგი (25.8%), შემდეგ მოდის ლაბორანტი (17.2%) და ენდოკრინოლოგი (14%). საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს კარდიოლოგთან (9.7%), მამოლოგთან (8.6%) და ოფთალმოლოგთან (2.2%) ვიზიტს.

ამ მონაცემების სქესის მიხედვით გაანალიზების დროს გამოიკვეთა, რომ კაცები ქალებთან შედარებით ხშირად დადიან ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, ლაბორანტთან და კარდიოლოგთან. საპირისპირო ვითარებაა ენდოკრინოლოგთან ვიზიტის შემთხვევაში, რომელსაც ქალები უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე კაცები. როგორც აღმოჩნდა, ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკური მიზნით კაცები საერთოდ არ დადიან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის თვალსაზრისით ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების, ძუძუს კიბოს პრევენცია, თუმცა გამოკითხული ქალების იმ ნაწილში, რომელიც პროფილაქტიკური მიზნით დადის ექიმთან, მხოლოდ 13,1% ახერხებს მამოლოგთან ვიზიტს.

გავრცელებული მოსაზრებით, ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის გზა მკერდის ჯირკვლის თვითგასინჯვაა. მიუხედავად იმისა, რომ თვითგასინჯვის, როგორც სკრინინგის მეთოდის ეფექტურობის შესახებ არ არსებობს მტკიცებულებები, მიიჩნევა, რომ ეს პრაქტიკა აძლიერებს ქალებში საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღებას.

ის ორგანიზაციები, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ მკერდის ჯირკვლის თვითგასინჯვას (მაგალითად, მათ შორისაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც (NCDC)), აღნიშნავენ, რომ თვით-გასინჯვის პროცედურის ჩატარება რეგულარულად, ყოველთვიურად უნდა მოხდეს.

განხორციელებული კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით,  გამოკითხული ქალების უმრავლესობა (65%) კი ამ პროცედურას არასდროს არ მიმართავს. თვეში ერთხელ სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვას ქალების 15.4% იტარებს, ხოლო ამ პრაქტიკას  არარეგულარულად მიმართავს მათი 20%.