სეგმენტაცია

სეგმენტაცია გეხმარებათ, გაიცნოთ სამომხმარებლო ბაზარი, როგორიც ის არის და არა ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოს. სეგმენტაცია გაძლევთ მიმართულებებს საუკეთესო სტრატეგიული გადაწყვეტილებებისათვის - როგორ აღმოაჩინოთ, გაზომოთ, მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ მომხმარებელი.

სეგმენტაცია გეხმარებათ

- გაიგოთ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები; როგორია მათი სამომხმარებლო ქცევა; რა არის მათთვის პროდუქტის ძირითადი ღირებულება; როგორია მათი მოლოდინები პროდუქტთან და მის ფასთან მიმართებაში; როგორია გასაღების მათთვის ოპტიმალური არხები; როგორია თქვენი კომპანიის ადგილი მათ წარმოდგენაში; როგორია მათი ცხოვრების სტილი, ღირებულებები და ფსიქოლოგიური პორტრეტი და როგორ შეიძლება მათი მსგავსი სხვა მომხმარებლების პოვნა;

- განსაზღვროთ თქვენი კომპანიისა და კონკურენტი კომპანიის/ბრენდების პოზიცია თითოეულ სეგმენტში;

- განსაზღვროთ თქვენი კომპანიის სამომავლო შესაძლებლობები თითოეული სეგმენტისათვის;

- მოახდინოთ ყველაზე დიდი განვითარების პოტენციალის მქონე და ღირებული სეგმენტების იდენტიფიცირება;

- თვალი ადევნოთ მომხმარებლის ერთი სეგმენტიდან მეორეში გადადინების ტენდეციებს დროში;

- აწარმოოთ თქვენს მიერ კონკრეტული სეგმენტებისათვის შემუშავებული სტრატეგიის წარმატების მონიტორინგი

გამოყენების სფერო

- კომპანიის სამარკეტინგო მიზნებისა და ამოცანების ფორმირება;

- სეგმენტაციის სტრატეგიის ფორმირება;

- სამიზნე სეგმენტებში ბრენდის პოზიციონირება;

- სამარკეტინგო სტრატეგიის ფორმირება სამიზნე სეგმენტებისათვის(პროდუქტის სტრატეგია, საფასო სტრატეგია, გაყიდვების ორგანიზება, საკომუნიკაციო სტრატეგია);

- გაყიდვების პროგნოზირება;

- არსებული რესურსების, (მათ შორის საბაზრო, სამარკეტინგო, ფულადი) ოპტიმიზაცია, კონკურენტული გარემოს უპირატესობების იდენტიფიცირება და კომპანიის ძლიერი მხარეების მაქსიმიზაცია.

სეგმენტაციის პრაქტიკა

"აიფიემ კვლევები" ახორციელებს სეგმენტაციის კვლევებს სწრაფადმოხმარებადი პროდუქტებისათვის 1988 წლიდან და სერვისის ბიზნესისათვის -(ტელეკომუნიკაცია, სადაზღვევო ბაზარი, საბანკო ბაზარი) 2001 წლიდან. "აიფიემ კვლევები" ძირითადად იყენებს ORACLE -ის სეგმენტაციის მოდელს, რომლის მიხედვითაც სეგმენტაცია ხდება ორი საბაზისო ცვლადის - სამომხმარებლო მოთხოვნილებებისა/პროდუქტის სამომხმარებლო ღირებულების და მომხმარებლის ფსიქოდემოგრაფიის მიხედვით. მას საფუძვლად უდევს გამოცდილებით დადასტურებული მარკეტინგული მიდგომა - პროდუქტის წარმატება ბაზარზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შეუძლია მას სამომხმარებლო მოთხოვნლებების დაკმაყოფილება, რამდენად შეესაბამება იგი მომხმარებლის პიროვნებას, ღირებულებებს, ცხოვრების სტილს, რამდენად დამარწმუნებელია პროდუქტის კომუნიკაცია მომხმარებელთან და რამდენად ძლიერია კავშირი პროდუქტსა და მომხმარებელს შორის.

თავისი შინაარსით, ეს ბრენდინგის ამოცანებია, რომლებიც წარმოუდგენელია გადაიჭრას მომხმარებლის ფსიქოდემოგრაფიის შესწავლის გარეშე, რადგან მომხმარებლის მიერ ბრენდის აღქმის საფუძველი თვითონ მომხმარებლის ფსიქოგრაფიაში, მის ღირებულებებში, გარე სამყაროსადმი დამოკიდებულებებსა და ორიენტაციებში დევს.

ამ კვლევების პროცესში "აიფიემ კვლევების" მიერ შემუშავებული და გატესტირებულია ფსიქოდემოგრაფიის დაახლოებით 400-მდე დებულება, რომელიც აღწერს 35-40 ფსიქოფაქტორს. თითოეული ფსიქოფაქტორის შემსწავლელი დებულებები კვლევაში იდება იმის მიხედვით, თუ რამდენად აღწერს იგი საკვლევი პროდუქტის კატეგორიას. ბუნევრივია, რომ სწრაფადმოხმარებადი პროდუქტების, საფინანსო პროდუქტებისა და სატელეკომუნიკაციო პროდუქტების სამომხმარებლო ქცევის აღწერაში თვისობრივად განსხვავებული ფსიქოფაქტორები მონაწილეობს.

კონკრეტულ შემთხვევებში, დამკვეთის კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, სეგმენტაციის საბაზისო ცვლადების დადგენა ხდება სხვადასხვა ანალიტიკური ფუნქციის გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს მარტივი გეოგრაფიული, სოციალურ-დემოგრაფიული სეგმენტაცია, ან სეგმენტაცია რთული, შედგენილი ცვლადების მიხედვით - მაგალითად მომხმარებლის საფინანსო ქცევა, რომელიც თავის თავში მრავალი ცვლადის სხვადასხვა კომბინაციას მოიცავს (დამოკიდებულება ფულისადმი, ფულის ხარჯვის პრაქტიკა და ქცევა, ფორმალური და არაფორმალური დანაზოგისა და სესხების პრაქტიკა, შემოსავლის წყარო და სხვა).