• 2018-02-12

ქართველებისთვის დროებით მუშაობისთვის ყველაზე
სასურველი ქვეყნებია აშშ (18%) და გერმანია (15%).

რეგიონში განხორციელებული კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა რესპონდენტთა მოსაზრებები შემდეგ საკითხზე - რომელ საზღვარგარეთის ქვეყანაში იმუშავებდნენ ისინი დროებით, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ. კვლევა თითოეულ ქვეყანაში 1200 რესპონდენტზე ჩატარდა.
საერთო ჯამში, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში დროებით მუშაობა სასურველია.
საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასული ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია. 2015 წლის მარტის არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენდა - საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (წყარო:
http://opendata.ge/ka/request/42514#requests-tabs1).
საზღვარგარეთ დასაქმებულთა სამუშაო, უმეტეს შემთხვევაში, დაბალკვალიფიციური, ხოლო სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა. ამის მიუხედავად, ქართველების უმეტესობისთვის საზღვარგარეთ დროებით მუშაობა კვლავ სასურველ შესაძლებლობად აღიქმება.
ანალიზის შედეგად გამოვლინდა რეგიონის მოსახლეობისთვის დროებით სამუშაოდ სასურველი ქვეყნები. 5 ფავორიტ ქვეყანას შორისაა: აშშ, რუსეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

ქართველი რესპონდენტებიდან, რომლებსაც საზღვარგარეთ დროებით მუშაობა სურთ, ყველაზე მეტი აშშ-ს (18%) ასახელებს სასურველ ქვეყნად; დიდ ნაწილს სურს გერმანიაში მუშაობაც (15%). რუსეთი ქართველების ფავორიტ 5 ქვეყანას შორისაა. თუმცა, მეხუთე ადგილზეა და ამ ქვეყნებს შორის, ქართველებისთვის შედარებით ნაკლებად სასურველი ადგილია სამუშაოდ (7%).

სომხების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სხვა ქვეყანაში მუშაობის სურვილი აქვს, ფავორიტი ქვეყანა რუსეთია (23%). მათი დიდი ნაწილისთვის აშშ-ც მიმზიდველი ქვეყანაა დროებითი სამსახურისთვის (18%).

აღსანიშნავია, რომ თურქეთი მხოლოდ აზერბაიჯანელი რესპონდენტებისთვის არის სამუშაოდ განსაკუთრებულად მიმზიდველი ქვეყანა (26%). აზერბაიჯანელების 14% რუსეთში, 12% კი გერმანიაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობამ საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი გამოთქვა, როგორც აღმოჩნდა, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, მათ ყველაზე ნაკლებად სურთ სხვა ქვეყანაში მუშაობა (36%).