• 2016-12-12
მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ბევრი ადამიანი საუბრობს,მის სანდოობასაც ხშირად განიხილავენ. საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი რეალურად. აიფიემმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1200 ადამიანი.
 

გრაფიკი 1. მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა

ImfiG1 geo

კვლევის თანახმად მოსახლეობის 64% თვლის, რომ მედიის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშნელოვანია, 31 პროცენტის აზრით, გარკვეულ წილად მნიშვნელოვანი. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. გამოკითხულთა მხოლოდ 2% საერთოდ არ მიიჩნევს ამ ასპექტს მნიშვნელოვნად.

გრაფიკი 2. მედიის მიმართ ნდობა

ImfiG2 geo

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა სრულიად მედიას საქართველოში (იხ. გრაფიკი 2). საინტერესოა, რომ რესპონდენტთა ძირითად ნაწილში (72%) მაინც აღინიშნება გარკვეული უნდობლობა მედიის მიმართ. დაახლოებით 8% სრულ უნდობლობას უცხადებს ჩვენს მედია სივრცეს.
გამოკითხვისას რესპონდენტებს ასევე ეკითხებოდნენ თავისუფალია თუ არა მათი შეფასებით მედია საქართველოში. მათი პასუხების საფუძველზე გამოყვანილია ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს ხალხის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ინდექსი იღებს მნიშვნელობას 0-დან 100-მდე.
 
ინდექსის მაქსიმალური მნიშვნელობა (Index = 100) შეესაბამება სრულიად თავისუფალ მედია გარემოს, ხოლო მისი მინიმალური მნიშვნელობა (Index = 0) ნიშნავს, რომ მედია საქართველოში საერთოდ არ არის თავისუფალი და მთლიანად კონტროლდება გარე ძალებით. ინდექსის მნიშვნელობა, რომელიც მივიღეთ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ტოლია 59-ის, რაც საშუალოზე მეტია, თუმცა არც ისე მაღალი.
 

გრაფიკი 3. მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასების თრენდი

ImfiG3 geo

საინტერესოა შევადაროთ როგორ იცვლება მედიის თავისუფლების ინდექსი წლიდან წლამდე. ამისათვის გამოყენებულ იქნა წინა წლებში IPM-ის მიერ ჩატარებული ანალოგიური კვლევების შედეგები. თუ შევხედავთ ინდექსის ცვლილების დინამიკას, (გრაფიკი 3) დავინახავთ, რომ შარშანდელთან შედარებით ინდექსმა განიცადა მნიშვნელოვანი ვარდნა (72-დან 59-მდე) და  ბოლო 4 წლის განმავლობაში წელს  ინდექსის ყველაზე დაბალი მნიშვნელობა დაფიქსირდა - 59. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში (2012 – 2016 წწ.) ინდექსის საშუალო მაჩვენებელი არის 64, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2008 – 2012 წწ.) - 54. ინდექსის მაქსიმალური მნიშვნელობა (72) დაფიქსირდა 2015 წელს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში მედია გარემო ბოლომდე თავისუფალი არ არის.შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მედია საშუალებები არ სარგებლობენ აბსოლუტური ნდობით ხალხში, თუმცა თითქმის ყველა რესპონდენტი აღნიშნავს მედიის დამოუკიდებლობის აუცილებლობას და ზოგადად ამ საკითხის მნიშვნელოვნებას.