• 2016-12-19
აიფიემი აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მცირე შეხსენებისათვის, ჩვენ ვზომავთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია თუ არა მთავრობის მიმდინარე სასქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექსს ვუწოდებთ, და ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს.
 
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
 
ეს ინდექსი ეფუძვნება მოსახლეობის მიერ სხვადასხვა სფეროში მთავრობის საქმიანობის შეფასებას.
 
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინდექსის მნიშვნელობა კვლავ ყველაზე მაღალია ჯანდაცვის სფეროსთვის - ინდექსი ტოლია 67-ის. საშუალოზე მაღლა არის შეფასებული ასევე პოლიციის მუშაობა, რომლისათვის ინდექსის მაჩვენებელი არის 62. ცალსახად უარყოფითი შედეგი მივიღეთ ეკონომიკური საქმიანობის (ინდექსი - 33), ტერიტორიული მთლიანობის (32)  და განსაკუთრებით დასაქმების მხრივ (26).
GAR1 geo
ქვემოთ, გრაფიკზე მოყვანილია მთავრობის ზოგადი შეფასება 5 ბალიანი შკალით.
 
GAR2 geo ჩვენ გამოვყავით ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა წარმატებულობაც ყველაზე მნიშვნელოვნად განაპირობებს მთავრობის საქმიანობით ზოგად კმაყოფილებას. ეს დარგებია (მნიშვნელოვნების მიხედვით):
  1. მთავობის დამოკიდებულება ხალხისადმი
  2. ეკონომიკური საქმიანობა/უმუშევრობის დონე
  3. საგარეო ურთიერთობები
  4. უსაფრთხოება, ჯარი
  5. ჯანდაცვა
 
წარმატების მოლოდინის ინდექსი
 
რესპონდენტებს ვეკითხებოდით გაუარესდება, გაუმჯობესდება თუ იგივე დარჩება მდგოარეობა სხვადასხვა დარგში მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკის და რეფორმების პირობებში.
როგორც ვხედავთ, ინდექსის მნიშვნელობა ყველა სფეროსთვის 0-თან ახლოს მდებარეობს. კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე ინდექსის ასეთი მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობას არ აქვს არც გაუმჯობესების იმედი და არც გაუარესების მოლოდინი. სხვანაირად რომ ვთქვათ მთავრობის საქმიანობის იგივე კურსის გაგრძელების პირობებში მდგომარეობა ყველა სფეროში ან უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება ან დარჩება ისეთივე როგორიც არის ამჟამად.
 
GAR3 geo
 
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
 
მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.
 
ყველა საკვლევი მიმართულებისათვის მთავრობის საქმიანობის რეიტინგი საშუალოზე დაბალია. ტრადიციულად გამოირჩვა ჯანდაცვის სფერო ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 47. ხოლო უკიდურესად დაბალი რეიტინგი მთავრობას გააჩნია დასაქმების, ეკონომიკის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
 
GAR4 geo
 
ტექნიკური ინფორმაცია
 

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

  • მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
  • წარმატების მოლოდინის ინდექსი
  • მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
 

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2017 წლის იანვრის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 18 წლის და უფროსი ასაკის 600 რესპონდენტი. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

  • ჯანდაცვის სფერო
  • განათლება და მეცნიერება
  • ეკონომიკური საქმიანობა
  • დასაქმება
  • სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა
  • საგარეო ურთიერთობები
  • ტერიტორიული მთლიანობა
  • უსაფრთხოება, ჯარი
  • პოლიცია
  • ადამიანის უფლებები
  • მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი
 
ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია
 
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – ასახავს მოსახლეობის კმაყოფილებას მთავრობის საქმიანობით ამა თუ იმ სფეროში. ის გამოითვლება შეფასების შკალის მეშვეობით გამოხატული პასუხების ანალიზის საფუძველზე. ინდექსი იცვლება 0-დან 100-მდე, სადაც 0 - უკიდურესად ნეგატიური მაჩვენებელია, ხოლო 100 - მაქსიმალურად დადებითი.
 
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან 100-მდე.
 
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად გამოხატავს საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.