კვლევის მონაწილე ქვეყნებიდან, ქართული ინვესტიციების შესვლას
მათ ქვეყნებში საკმაოდ მცირე ნაწილი ემხრობა (4%-დან 7%-მდე).
რეგიონსა და რუსეთში განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანი იყო გამოერკვია, თუ რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ადამიანები კაპიტალის, ინვესტიციების, კომპანიების, საწარმოების და ბიზნესმენების შემოსვლას მათ ქვეყნაში საწარმოების ხელმძღვანელობისთვის. თითოეულ ქვეყანაში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა ამ კითხვას.
კვლევამ გამოავლინა, რომ მონაწილე ქვეყნებიდან, ქართული ინვესტიციების შესვლას მათ ქვეყნებში საკმაოდ მცირე ნაწილი ემხრობა. ყველაზე ნაკლებად სომხებს სურთ საქართველოდან ინვესტიციების შესვლა მათ ქვეყანაში (4%), ყველაზე მეტად კი - რუსეთს (7%).
რეგიონში რუსული კაპიტალის და ბიზნესმენების შემოსვლა თავიანთი ქვეყნის საწარმოების ორგანიზებისთვის ყველაზე მეტად სომხებს სურთ (38%). ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ ქართველები აზერბაიჯანელებზე მეტად არიან პოზიტიურად განწყობილები. ქართველების 19% ისურვებდა რუსული ინვესტიციების, კომპანიების და ბიზნესმენების შემოსვლას ქვეყნის საწარმოების ორგანიზებისთვის.
გამოკითხული ქართველების ნახევარზე მეტს ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების და ბიზნესმენების შემოსვლა სურს (52%), ბევრისთვის სასურველია იგივე ნაკადის გერმანიიდან შემოსვლაც (41%).
ყველაზე არამიმღებელი უცხოური ინვესტიციების მიმართ აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ (17%). ამ საკითხის მიმართ ყველაზე მაღალი ღიაობა კი ქართველებმა გამოავლინეს. გამოკითხული ქართველებიდან მხოლოდ 4%-ს არ სურს სხვა ქვეყნებიდან კაპიტალისა და ბიზნესმენების მიღება ადგილობრივი საწარმოების ორგანიზების მიზნით.