• 2019-05-21

ბინის ყიდვის მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად
ბანკების მხრიდან გართულებული სესხის გაცემა დასახელდა (38%).

როგორც ცნობილია, 2019 წლიდან ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხების გაცემის ახალი რეგულაციები მოქმედებს. რეგულაციების ძალაში შესვლამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ფინანსური გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა.

„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ბინის შეძენასთან დაკავშირებული საბანკო რეგულაციების შესახებ, თბილისის მასშტაბით, 400 რესპონდენტს ჰკითხა. კვლევის მონაწილეები არიან ადამიანები, რომელთაც ბოლო 2 წლის მანძილზე აქვთ ბინა შეძენილი და/ან უახლოეს 1 წელში აპირებენ ბინის შეძენას.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას, 69%-ს, სესხების გაცემისთვის არსებული საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, 31%-ს კი ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. მათგან, ვისაც საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, უმეტესობას - 70%-ს ბინა ბოლო 2 წლის მანძილზე აქვს შეძენილი, დაახლოებით იგივე რაოდენობა - 71% კი (კვლავ) გეგმავს ბინის ყიდვას.

რესპონდენტებმა, რომლებსაც ახალი საბანკო რეგულაციების შესახებ სმენიათ, დეტალურად დაასახელეს საბანკო რეგულაციების ამოქმედებისგან გამოწვეული გართულებები.

რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებით, მათთვის არაფერი არ გართულებულა (34%). გამოკითხულთა მხრიდან მთავარ დაბრკოლებად სესხების გართულებული გაცემა დასახელდა (38%). რესპონდენტების მიერ დასახელებულ სხვა დაბრკოლებებს შორისაა დოლარის კურსის აწევის გამო გაძვირებული სესხები (8%), სესხის ლიმიტის შემცირება (4%), მაღალი შემოსავლის მოთხოვნა (4%) და სხვ.