• 2018-01-11

სოციალური ქსელის მომხმარებლები უფრო მეტად ქალები არიან.
როგორც მეგობრებთან, ასევე სამსახურში თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის,
ქალები უფრო მეტად იყენებენ სოციალურ ქსელს, ვიდრე პირისპირ ურთიერთობის გზას.

„აიფიემ კვლევები“ შეეცადა გამოერკვია, თუ რა ადგილი უჭირავს სოციალურ მედიას/ქსელს მისი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან ურთიერთობაში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 600-მა რესპონდენტმა.

როგორც აღმოჩნდა, სოციალურ მედიას მომხმარებლები უმეტესად, ყოველდღიურად იყენებენ. ასევე, ბევრი მათგანი იყენებს მას დღეში ორჯერ და მეტჯერ.

მომხმარებლები სოციალურ ქსელში ერთ შესვლაზე ყველაზე ხშირად, ნახევარ საათამდე დროს ატარებენ (43%). მნიშვნელოვანია მათი რიცხვიც, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთ შესვლაზე ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დროს ხარჯავენ (36%).

ქსელით ყოველდღიური სარგებლობა თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა დამახასიათებელი. მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები გამოირჩევიან სოციალური ქსელის გამოყენების დაბალი ინტენსივობით. მათი ნახევარი (50%) თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს სოციალურ მედიას/ქსელს.

შედარებით მცირეხნიანი პირისპირ შეხვედრები მეგობრებთან (კვირის განმავლობაში 2 საათამდე) უფრო მეტად ქალებს ახასიათებთ, მაშინ, როცა კაცები უმეტესად 2 საათზე მეტ დროს ატარებენ ყოველკვირეულად მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობაში.

ასევე, კვირის განმავლობაში, ქალები მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობას ყველაზე ხშირად  30წთ-დან 1 საათამდე დროს უთმობენ, ხოლო კაცების თითქმის ნახევარი (49%), 4 საათსა და მეტ ხანს.

თუ მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობაში კაცები უფრო აქტიურები არიან, ქალები უფრო ხშირად ახერხებენ მეგობრებთან ურთიერთობას სოციალური ქსელის გამოყენებით. კერძოდ, სოციალურ ქსელში ქალები ყველაზე ხშირად ნახევარი საათიდან 1 საათამდე დროს უთმობენ მეგობრებთან ურთიერთობას, კაცები კი უმეტესად, ამავე მიზნით ნახევარ საათამდე დროს ხარჯავენ. მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სოციალურ ქსელში მეგობრებთან ურთიერთობაზე 2 საათზე მეტ დროს ხარჯავენ ყოველდღიურად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი ხანგრძლივი კომუნიკაცია კაცებისთვის მეტად არის დამახასიათებელი.

მსგავსი ვითარებაა სამუშაო ადგილზე თანამშრომლებთან კომუნიკაციის გზებთან დაკავშირებითაც. ქალები უფრო დიდ დროს უთმობენ თანამშრომლებთან ურთიერთობას სოციალური ქსელის მეშვეობით. მათი   უმეტესობა (28,5%) - 30 წუთიდან 1 საათამდე დროს ხარჯავს ამისთვის, კაცების უმეტესი ნაწილი (35,2%) კი - ნახევარ საათამდე. გარდა ამისა, კაცების 23,5% საერთოდ არ იყენებს სოციალურ ქსელს.

თანამშრომლებთან პირისპირ ურთიერთობაზე ქალების უმრავლესობა (35,5%) 30 წთ-დან 1 საათამდე დროს ხარჯავს ყოველდღიურად, კაცების უმრავლესობა (20,8%) კი - 3-დან 4 საათამდე დროს ატარებს თანამშრომლებთან პირისპირ კომუნიკაციაში.