• 2017-04-10
საინტერესოა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ქვეყნის პოლიტიკის მიმართ. განსხვავებულია თუ არა ეს დამოკიდებულება პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური ფიგურების შემთხვევაში და რამდენად შეცვლილია ის წინა წლებთან შედარებით.
 
ამის დასადგენად აიფიემმა ჩაატარა კვლევა. შემთხვევითი პრინციპით შეირჩა და გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 16 წელზე უფროსი მოსახლეობა. შერჩევის ზომა შეადგენდა 1200 ადამიანს.
 
რესპონდენტებმა შეაფასეს ცალ-ცალკე პრეზიდენტის და ზოგადად პოლიტიკოსებისადმი ნდობა. ამ კითხვებზე პასუხების ანალიზით გამოყვანილ იქნა ორი ინდექსი, რომლებიც ასახავენ მოსახლეობის მიერ პრეზიდენტის და პოლიტიკური სპექტრის საქმიანობის შეფასებას. ინდექსის მინიმალური მნიშვნელობა არის 0 (სრულიად ნეგატიური შეფასება), ხოლო მაქსიმალური - 100 (სრულიად პოზიტიური შეფასება).
 
კვლევის შედეგად დადგინდა ინდექსების შემდეგი მნიშვნელობები: პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების ინდექსი - 56; პოლიტიკური  სპექტრის საქმიანობის შეფასების ინდექსი - 30. არც ერთი ინდექსის მნიშვნელობა არ არის მაღალი, თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის საქმიანობას საზოგადოება გაცილებით დადებითად აფასებს.
 
ახლა შევადაროთ ამ ორი ინდექსის ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში. ამისათვის მოცემულია წინა წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევების შედეგები.
 

გრაფიკი 1. პოლიტიკური სპექტრის და პრეზიდენტის საქმიანობით კმაყოფილების თრენდი

IGWTtPm1 geo

როგორც გრაფიკიდან ჩანს, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების ინდექსი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასების ინდექსი კი პირიქით მცირდებოდა და მხოლოდ ბოლო გამოკითხვის შედეგად განიცადა ზრდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ 2013 და 2014 წლებში მთავრობის ლიდერების საქმიანობა მეტად პოზიტიურად ფასდებოდა ვიდრე პრეზიდენტის (განსაკუთრებით 2013 წელს, როცა პრეზიდენტი მ. სააკაშვილი იყო), ბოლო ორ წელიწადში პრეზიდენტის მიმართ განწყობა ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე მთავრობის სხვა ლიდერების მიმართ. აქვე აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის გარკვეულ პერიოდში მისი საქმიანობის შეფასების ინდექსი აღწევდა 80-ს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ასეთი ტოტალური კმაყოფილება არ შეინიშნება.
ამ კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად მოსახლეობა ბევრად პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ მარგველაშვილის საქმიანობას ვიდრე სხვა პოლიტიკოსების მოღვაწეობას. ამავე დროს,საქმიანობის შეფასების ინდექსი ორივე შემთხვევაში დაბალია, თუმცა პრეზიდენტის შემთხვევაში მას აქვს ზრდის ტენდენცია.