• 2018-01-15

ქართველები საახალწლო სუფრისთვის, საშუალოდ,  200-დან 300 ლარამდე ხარჯავენ.
კერძი, რომელიც თითქმის ყველა ოჯახის საახალწლო სუფრაზეა - გოზინაყია.

ქართველებისთვის ახალ წელთან არაერთი ტრადიციაა დაკავშირებული. ჩვენ რესპონდენტებს საახალწლო სუფრისა და მეკვლეობის ტრადიციაზე ვკითხეთ და ასევე, ახალი წლის მიმართ მათი მოლოდინებით დავინტერესდით.

როგორც აღმოჩნდა, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს.

ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძი კი ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).

თითქმის ყველა ოჯახში არსებობს მეკვლეობის ტრადიცია (98,3%). უმეტესობა არ გეგმავს წინასწარ, თუ ვინ იქნება ოჯახის მეკვლე (66,3%), ხოლო 32% წინასწარ უთანხმდება მათ მეკვლეს.

ახალ, 2018 წელს მოსახლეობის უმეტესობა (93,3%) ოპტიმისტური განწყობით ხვდება და ფიქრობს, რომ ახალი წელი მათი ოჯახისთვის წინა წელთან შედარებით უკეთესი წელი იქნება. 

ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იგივეა ბავშვების საახალწლო განწყობის შეფასების შემთხვევაშიც. 93,3%-ის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები ბედნიერები ხვდებიან ამ ახალ წელს.