• 2018-07-01

65 წლის ადამიანს დაახლოებით, 1 წელი და 58 დღე
აქვს გატარებული ტელეფონზე საუბარში.

იცით, რა დროს ხარჯავენ ადამიანები დღის განმავლობაში ტელეფონზე საუბარში? „აიფიემ კვლევებმა“ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა, რათა გაერკვია რა სიხშირით რეკავენ ადამიანები ტელეფონით და რა დროს ხარჯავენ ისინი ამ აქტივობაზე.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტების უმრავლესობა, ტელეფონზე ყოველდღიურად საუბრობს. გამოკითხული ქალებიდან შედარებით მეტი საუბრობს ყოველდღიურად ტელეფონით (98%), ვიდრე გამოკითხული კაცებიდან (94%).

გავრცელებული შეხედულების საპირისიპიროდ, ქალების და კაცების მიერ სატელეფონო საუბარში ერთ ჯერზე დახარჯული დრო, უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ქალები საშუალოდ, 1 სატელეფონო კონტაქტს 11 წუთს ანდომებენ, კაცები კი - 10 წუთს.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბარზე ყველაზე დიდ დროს 25-34 წლის ასაკის კაცები ხარჯავენ (წელიწადში 14,4 დღე).

საერთო ჯამში, ადამიანი, საშუალოდ, წლის მანძილზე 9 დღეს ხარჯავს ტელეფონზე საუბარში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლის ადამიანს დაახლოებით, 1 წელი და 58 დღე აქვს გატარებული ამ აქტივობაში.

2006 წელთან შედარებით, ტელეფონზე საუბარში დახარჯული დრო საგრძნობლად შემცირებულია - 12 წლის წინ, ერთი წლის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ, 12,2 დღეს ხარჯავდა ტელეფონზე საუბარში.

ტელეფონზე საუბრის დროის შემცირების მიზეზი შესაძლოა კომპიუტერული ტექნიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ დამკვიდრება და შესაბამისად, სხვადასხვა საკომუნიკაციო ვებ-გვერდების (მაგ.: facebook, myspace) თუ პროგრამების გამოყენების ინტენსივობის მატება იყოს.