• 2017-06-08
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ღიად აღიარებს ქვეყნის განვითარების პროდასავლურ კურსს და ნატო-ში შესვლის სურვილს.
 
აიფიემის კვლევის მიზანი იყო გაერკვია, რამდენად ასახავს ჩვენი ოფიციალური სახელმწიფო პოზიცია ხალხის განწყობას. გამოყენებულ იქნა 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და ასევე წინა წლების ანალოგიური გამოკითხვების მონაცემები. თითოეულ შემთხვევაში გამოკითხული იყო 1200 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
გამოითვალა ინდექსი, რომელიც განსაზღვავდა საზოგადოების განწყობას - არის ის ქვეყნის პროდასავლური კურსის და დასავლური ღირებულებების მომხრე, თუ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ამჯობინებს ურთიერთობების გაღრმავებას. ინდექსს საფუძვლად უდევს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება საქართველოს განვითარების მიმართულებას, ნატოსა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას. ინდექსი იცვლება 0-დან (პრორუსული განწყობა, ნატო-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება) 1-მდე (მკაფიოდ პროდასავლური ხედვა, ანტი-რუსული განწყობა).
 
გრაფიკი 1. პროდასავლური ორიენტაციის ინდექსის დინამიკა
 
Gprmpw1 geo გრაფიკზე ვხედავთ ინდექსის ცვლილებას ბოლო 7 წლის განმავლობაში. წლევანდელი მონაცემებით ინდექსის მნიშვნელობა არის 0.6. ასეთივე მაჩვენებელი იყო 2009 წელს, ხოლო შუალედში, კერძოდ 2013 წელს, ის უფრო დაბალი იყო - 0.5. ინდექსის მნიშვნელობა - 0.6 ახასიათებს მოსახლეობის განწყობას, როგორც ზომიერად პროდასავლურს.
 
ინდექსის მნიშვნელობის უფრო დეტალური გარჩევის მიზნით მივმართეთ დამატებით ანალიზს. შედეგად გამოიკვეთა მოსახლეობის 4 სეგმენტი (იხ. გრაფიკი 2):
 
Gprmpw2 geo როგორც ვხედავთ, მოსახლეობის 9%-ს გააჩნია მკვეთრად ანტი-რუსული განწყობა. ამ სეგმენტის ძირითად ნაწილს შეადგენს საშუალო ფენის ახალგაზრდა მოსახლეობა. მოცულობით ყველაზე დიდ სეგმენტს შეადგენენ პროდასავლური კურსის მომხრე ადამიანები, თუმცა მათ არ ახასიათებთ ისეთი ნეგატიური განწყობა რუსეთის მიმართ, როგორც წინა სეგმენტში. მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს უკავია ნეიტრალური პოზიცია ან საერთოდ არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასეთია საზოგადოების 35%. ცალსახად არადასავლური განწყობა აქვს საზოგადოების 11%-ს. ამ სეგმენტში შემავალი ადამიანების აზრით საქართველომ ყველაფრის მიუხედავად მეგობრული ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთთან და მათთვის მიუღებელია ქვეყნის სწრაფვა დასავლეთისაკენ. საინტერესოა, რომ ამ სეგმენტის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ დაბალი შემოსავლის მქონე, უფროსი ასაკის (55 წელს ზემოთ) მოქალაქეები, მეტწილად მამაკაცები (სხვა სეგმენტებისგან განსხვავებით). აღსანიშნავია, რომ ეს სეგმენტი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, მაგალითად 2013 წელს მკვეთრად პრორუსულად განწყობილ ადამიანთა რიცხვი შეადგენდა მოსახლეობის 14%-ს, რაც საბოლოოდ ინდექსის ზოგად მნიშვნელობაზეც აისახა (იხ. გრაფიკი 1).
საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55%, ემხრობა ქვეყნის განვითარების პროდასავლურ მიმართულებას (2013 წელს ეს მაჩვენებელი 5-6%-ით ნაკლები იყო). საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კი (35%) გაურკვეველია თავის შეხედულებებში.